Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია სასამართლოდან გააძევეს სიტყვებისთვის - „ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს“


ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს, - ასე მიმართა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი კერატიშვილს ბრალდებულმა დეპუტატმა ნიკა მელიამ. რის გამოც ის სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

მანამდე მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, თავი შეეკავებინა ცალკეული რეპლიკებისგან, თუმცა საბოლოოდ, მან დეპუტატის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაევალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა დააღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, შუამდგომლობას დართული აქვს იმ ოპოზიციონერი დეპუტატების ხელმოწერები, რომლებიც მელიას თავდებში უდგებიან.

ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი, ნიკა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები კანდიდატების გასაუბრების პროცესს უნდა დაესწრონ, ამიტომ სასამართლო სხდომაზე სრულად დასწრებას ვერ ახერხებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, უმჯობესი იქნება, თუ სასამართლო, პირველ რიგში, იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე ან ალტერნატიული სახით შეცვლაზე.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის განცხადებით, ის ვერ გადაუხვევს პროცედურულ წესებს, თუმცა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და თუ საჭირო გახდება სასამართლო პროცესს ჩანიშნავს ისეთ დროს, როცა მელიას თავდებში მყოფი დეპუტატები სხდომაზე დასწრებას შეძლებენ.

ნიკა მელიამ სწორედ ამ შუამდგომლობის გათვალისწინება სთხოვა მოსამართლეს, რაზეც მოსამართლემ აღნიშნა, რომ ამის თაობაზე შესაბამისი პასუხი გასცა ადვოკატს. ნიკა მელიამმოსამართლეს უთხრა, რომ მას ურეკავენ და ისე იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ასე არ არის, "მაშინ დაიფიცოს", რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ მას არავინ ურეკავს და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

"გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს არ არის სხდომის დარბაზი, სადაც ფიცს დებს მოსამართლე. მე არავინ მირეკავს, გაჩუმდით", - მიმართა მოსამართლემ მელიას.

თავის მხრივ, მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ჩაქუჩი დაურტყას "ჩუნჩალაძეს, მურუსიძეს და თადუმაძეს". ამის შემდეგ მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდებული ნიკა მელიასხდომის დარბაზიდან გააძევა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს, 12 საათზე დაიწყო. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია მონიტორინგის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG