Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 16 კანდიდატია


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევის მსურველთა განცხადებების მიღება. საბჭომ შესაბამისი პროცედურა 18 სექტემბერს დაიწყო უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო. განცხადებების მიღება 10 ოქტომბერს დასრულდა.

პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისთვის 16 განმცხადებელი დარეგისტრირდა. მათ შორისაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში მოხსნა კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დასანიშნი კანდიდატების კონკურსიდან. ლევან თევზაძის მიმართ არსებობდა შეკითხვები ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რადგან ის იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა. თევზაძემ მაშინ განაცხადა, რომ ნათესაური კავშირი აცილების საფუძველი არ არის, თუმცა, კანდიდატურას ხსნის, რათა თავად პროცესს ჩრდილი არ მიადგეს.

ლევან თევზაძის გარდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დაკავება სურთ: ხატია არდაზიშვილს, ინგა ბერიძეს, გია გურგენიძეს, ილონა თოდუას, ნონა თოლორაიას, ლევან კოკორაშვილს, გენადი მაკარიძეს, ნიკოლოზ მარგველაშვილს, ქეთევან მესხიშვილს, თამარ ოქროპირიძეს, ვასილ როინიშვილს, ნუგზარ სალიას, მაკა ჩეჩელაშვილს, მარინე ჭყონიას და პაატა შავაძეს.

ამ დღეებში პაატა შავაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა თამთა თოდაძეზე, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს ადანაშაულებს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსრუველთა განცხადებებს 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და რეგისტრაციის საკითხს გადაწყვეტს. მათ, ვისაც დარეგისტრირებაზე უარს ეტყვიან, გასაჩივრებთვის ორი დღე ექნებათ.

გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გასვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით გამოავლენს 3 კანდიდატს შემდეგი - გასაუბრების ეტაპისთვის.

კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე ჩატარდება ფარული კენჭისყრა, რათა გამოვლინდეს მოსმენილ კანდიდატთაგან საუკეთესო შეფასების მქონე ერთი კანდიდატი. ჩატარდება კიდევ ერთი ფარული, საბოლოო კენჭისყრა, რომლის შედეგად კანდიდატი წარედგინება საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ 10 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

XS
SM
MD
LG