Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე გრიგოლი: მამა გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო


სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, - უთხრა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიორგი მამალაძის ოჯახმა დეკანოზის შეწყალება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სთხოვა. შეწყალების გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუღია.

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა თორნიკე მამალაძე აქციას საქართველოს პარლამენტთან მართავს. მან კარავი 19 სექტემბერს, ღამით გაშალა. მანამდე თორნიკე მამალაძე აქციებს მართავდა საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

15 ოქტომბერს ის აქციის გამართვას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG