Accessibility links

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა "ევროპულ საქართველოს" აკაკი ბობოხიძის განცხადება გაახსენა


გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა იმ შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეეძლო საქართველოში არ შემოეშვა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი განარტებით, გავრილოვს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამიტომ ქვეყანაში მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხა, სერგეი გავრილოვის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, რატომ არ გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეკომენდაცია, რომ ის საქართველოში არ შემოეშვათ.

კანდელაკის თქმით, ივნისის ბოლოს გავრილოვმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში განაცხადა, რომ ომის დროს ნამდვილად იყო აფხაზეთში და ქრისტიანებს ეხმარებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ სპეცსამსახურების ბიოგრაფია აქვს, იყო კოსოვოში, დნესტრისპირეთში, ერაყის ორივე ომის დროს იყო, მათ შორის, პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინის ოფისში. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი რომ ამბობს - ათასობით ადამიანი რომ დაიღუპა, ჩვენი თანამოქალაქე - იქ(აფხაზეთში) ვიყავი, ოღონდ ქრისტიანებს ვეხმარებოდიო, ესე იგი, არ გაგიჩნდათ მაინც სურვილი, რომ ამ ადამიანის არშემოშვების რეკომენდაცია გაგეცათ“, - მიმართა გიორგი კანდელაკმა გრიგოლ ლილუაშვილს.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის საპასუხოდ გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ არშემოშვების პოლიტიკას აწარმოებენ მკაცრად სამართლებრივ საწყისებზე და არა ინტერვიუების და საჯარო განცხადებების მიხედვით.

ლილუაშვილმა კანდელაკს შეახსენა მისი თანაპარტიელი აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომ აფხაზეთში ვიღაცას ხოცავდა.

„შეიძლება, მსგავსად თავი მოიწონა ვიღაცამ უბრალოდ, მიკროფონთან სალაპარაკოდ, გავრილოვს ვგულისხმობ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მან გიორგი კანდელაკს ჰკითხა, გავრილოვს ომში მონაწილეობა ბიოგრაფიაში უწერია? ლილუაშვილის თქმით, მათი მონაცემებით, გავრილოვი ომში არ მონაწილეობდა.

სუს-ის უფროსობის კანდიდატი დაინტერესდა, როგორ უკავშირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები 2008 წლიდან მოქმედ ანტისაოკუპაციო კანონს 90-იან წლებში აფხაზეთში ყოფნას.

საპასუხოდ, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ გავრილოვი საქართველოს სუვერენიტეტისთვის არასასურველი პირია და ქვეყანაში ამიტომ არ უნდა შემოეშვათ.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG