Accessibility links

აშშ-ის მთავრობის დახმარებით საქართველოში ახალი საარჩევნო-პოლიტიკური პროგრამა იწყება


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID) საქართველოში დაიწყო საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელება.

USAID-ის ინფორმაციით, პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პირდაპირი დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისა და შემდგომი პერიოდისთვის. პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია.

ოთხწლიანმა პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია სამი საერთაშორისო და ექვსი ქართული ორგანიზაცია: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო.

ამ ორგანიზაციებმა სხვადასხვა პროექტით ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე კონტროლის გაძლიერებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG