უფლებადამცავი ჯგუფი, ჰიუმან რაიტს უოჩი აცხადებს, რომ რუსეთის და სირიის სამხედრო ალიანსის ერთობლივი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა იდლიბში, ზაფხულში, როგორც ჩანს, ომის დანაშაულია.
ჯგუფი აცხადებს, რომ თვითმხილველების თქმით, იმ არეალში, სადაც იძულებით გადაადგილებულთა ბანაკი იყო, „არ არსებობდა აშკარა სამხედრო სამიზნე“. ამ თავდასხმამ 20 პირის სიკვდილი გამოიწვია და სხვები აიძულა, არეალი დაეტოვებინათ.
ეს განცხადება გავრცელდა ორი დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, თავისი ქვეყნის ჟენევის კონვენციის მთავარი ნაწილიდან გაყვანის შესახებ. კონვენციის სწორედ ეს ელემენტი იძლევა უფლებამოსილებას, გამოიძიონ სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული.
„იდლიბზე თავდასხმის შემდეგ რუსეთის და სირიის სამხედრო ალიანსი იყენებდა უკანონო ტაქტიკას, რათა დაეხოცა და დაეჭრა ასეულობით სამოქალაქო პირი“, - განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დირექტორმა, გერი სიმპსონმა.
სირიის მთავრობის ჯარმა მოკავშირე რუსეთთან ერთად აპრილში დაიწყო იდლიბზე იერიში. ქალაქს აკონტროლებდა თაჰრირ ალ-შამი, ალ-ყაიდის სირიელი მოკავშირე. გაეროს თანახმად, ალიანსმა დახოცა ათასამდე სამოქალაქო პირი და აიძულა გადაადგილებულიყო ნახევარ მილიონზე მეტი პირი.
ამ უბედურებას დაემატა ახლახან თურქეთის არმიის შეჭრა რეგიონში, რასაც მოჰყვა დამატებით ათეულათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება.
ჰიუენ რაიტს უოჩის თანახმად, იდლიბის იერიშის დროს დახოცილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამოქალაქო პირების და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ან დაუფიქრებელი თავდასხმა ომის დანაშაულია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტების თანახმად, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ომის დანაშაულია, თუ ის კონფლიქტის ვითარებით არაა გამოწვეული, წერს ჰიუმან რაიტს უოჩი.
პუტინის განკარგულების მიუხედავად, რუსეთი რჩება ჟენევის კონვენციის ხელის მომწერი. კონვენცია შედგება ოთხი ხელშეკრულებისა და სამი დამატებითი ოქმისგან.