Accessibility links

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი: აფეთქების მისამართზე ჩაიხსნა კუსტარულად დაყენებული გამაცხელებელი


ნათია მიქიაშვილი

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე, N 34-ში მდებარე კორპუსში აფეთქების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ადგილზე მუშაობას დაასრულებენ სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება. შემთხვევის ადგილზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისამართზე, სადაც აფეთქება მოხდა, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა:

„ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა“, - უთხრა ნათია მიქიაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით, ჩახსნილი გაზდანადგარების თვითნებურად მიერთების სტატისტიკა შემაშფოთებელია:

თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება.

მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე რომ, დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ამ ტიპის საქმეებს“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის ან რაიმე ტიპის გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯიში“ არ შესულა.

„აუცილებლად ფოტომასალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილია წყალგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. არის ნგრევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობა მთლიანად ევაკუირებულია. დაშავებულია 4 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG