საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს. მას კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. კომისიაში 4 წევრია, მათ შორისაა თავად დავით ნარმანია.
დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს მთავრობის რეკომენდაციით პრეზიდენტმა წარუდგინა.
თუმცა, პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა.
კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ აქვს და მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია.
მაშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხდა, რომ „შეცდომა გაიპარა“ და მის გამოსასწორებლად ვადა იყო საჭირო.
პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე იგი თბილისის მერის პოსტს იკავებდა.
სემეკის ახალი თავმჯდომარის არჩევა განაპირობა იმან, რომ 16 სექტემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ხელახლა კენჭისყრაზე კი უარი განაცხადა.