Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების ინიციატივით გამოდის

იურისტმა ანა დოლიძემ დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.

„დაცული ტერიტორიის სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ დავით გარეჯი გადაიქცეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონულ ობიექტად, რომლის საერთო სარგებლობა, ტურისტული, ეკოლოგიური, ეკონომიკური და კულტურული საშუალებით გვექნება ორივე მხარეს. ეს განმუხტავს დაძაბულობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და, ამავე დროს დავით გარეჯს გადააქცევს მსოფლიო მიზიდულობს ობიექტად“, - აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე შეფასებით, ათწლეულებია დავით გარეჯის ტერიტორია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის დაძაბულობის კერად არის ქცეული, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ხელისუფლების მხრიდან პრობლემის მოგვარების რეალური გზების შესახებ ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროგრამაზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შემუშავებულია 200-გვერდიანი სახელმღვანელო პრინციპები, რომელიც გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიქმნა. ასევე მომზადებილია დოკუმენტი, სადაც საუბარია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სარგებელზე და გამოწვევებზე. პრობლემის მოგვარების დოკუმენტი არსებობს და საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ ორივე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების პირები მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ აპრილში რამდენიმე დღით ჩაიკეტა. მოგვიანებით გაიხსნა. ამ დროისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება კვლავ აკრძალული აქვთ ქართველ მომლოცველებსა და სასულიერო პირებს.

XS
SM
MD
LG