Accessibility links

რატომ არის საშიში ბავშვის შენჯღრევა


  • რა არის ბავშვის შენჯღრევის სინდრომი?

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი - მას უკვე თავის ძალადობრივ ტრავმასაც უწოდებენ - არის თავის ტვინის მძიმე დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ახალშობილის ან მცირეწლოვანი ბავშვის ძლიერად შეჯანჯღარებით.

წელს „იუნისეფმა“ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, - „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი და მშობლის კონსულტირება“, - რომლის ერთი თავი სწორედ ბავშვის შენჯღრევის სინდრომს ეხება. მისი ერთ-ერთი ავტორი, პედიატრი ნანი ყავლაშვილი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ბავშვის შენჯღრევა ძირითადად ხდება, როდესაც მშობელი დაღლილი, გაღიზიანებულია, ბავშვი კი ტირის.
„ სინდრომი ბავშვზე ძალადობის შედეგია. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს მშობელს განზრახ არ უნდა, უბრალოდ, გადაღლილია, ბავშვი კი ჭირვეულობს. ამ დროს ხდება ხოლმე შენჯღრევა და ასეთი ფორმით შვილის რაღაცნაირად გაჩერება“.- ნანი ყავლაშვილი

  • რა ზიანი შეიძლება მიადგეს ბავშვის ტვინს?

ბავშვის ძლიერად რხევის შედეგად, მისი თავის ტვინი წინ და უკან მოძრაობს ქალაში. ეს იწვევს ჩალურჯებას, სისხლჩაქცევას, შემდეგ ტვინის შეშუპებას და ზოგ შემთხვევაში ფატალურად სრულდება. სინდრომის დროს ნადგურდება ახალშობილის თავის ტვინის უჯრედები, რაც განაპირობებს ჟანგბადის ნაკლებობას ტვინში.

  • რა ასაკის ბავშვები არიან რისკ ჯგუფში?

უფრო ხშირად ეს სინდრომი გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებში, ძირითადად ერთ წლამდე, რადგან ამ პერიოდში მათი თავი შედარებით უფრო დიდია, წონა აქვთ მეტი, კისრის კუნთები კი არ არის კარგად განვითარებული და უჭირთ თავის დაჭერა.

  • როდის შეიძლება სინდრომი გამოვლინდეს?

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზიანი მიადგა ბავშვს. თუ სისხლჩაქცევა გამოიწვია, 4-6 საათში ვლინდება სიმპტომი.

ნიშნები:

ძილიანობა განვითარდეს,

ღებინება,

გულყრები,

თუ ბავშვი კონტაქტში არ შემოდის.

თუმცა მცირე დაზიანების დროს შეიძლება ასეთი ხილული სიმპტომები არ იყოს და გამოიწვიოს ბავშვის მუდმივად ტირილი, ქცევის დარღვევა, გონებრივი ჩამორჩენა და ა. შ.

„საქართველოში „ბავშვის შენჯღრევის“ სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში - მაგალითად, აშშ-ში - წელიწადში შეიძლება1000-დან 1500- მდე ბავშვში გამოვლინდეს“, - ამბობს ნანი ყავლაშვილი.

  • როგორ ავიცილოთ რისკები თავიდან?

„არ შეიძლება ბავშვის შენჯღრევა,

პატარის ჰაერში აგდება,

ფეხით დაკიდება

და, ზოგადად, დაუშვებელია ადრეული ასაკის ბავშვებთან რაიმე უხეში მოძრაობები".

ბავშვის განვითარებასთან ერთად გარდაუვალია ბავშვის მცირედი ტრავმები, როდესაც ფეხს იდგამს და ხშირად ეცემა, შემთხვევით კედელს ეჯახება და ა.შ.
როგორც პედიატრი ამბობს, ამგვარი ერთჯერადი შეჯახებები არ არის საშიში, თუ, რა თქმა უნდა, საუბარი არ არის თავის ძლიერ დაზიანებაზე. ძილის დროს ბავშვთან ერთად ნაზი რხევაც დასაშვებია, თუ ეს არ არის ისეთი უხეში მოძრაობები, რომელიც „ბავშვის ნჯღრევის სინდრომს" გამოიწვევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG