Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურის განცხადება ემოციური შეფასებაა


ბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე

„თიბისი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პროკურატურისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და წარდგენილი მასალების შესწავლის დაწყებას ელის. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილზე“ პროკურატურის პასუხის კომენტირებისას, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს ემოციური შეფასება იყო:

„მოვისმინე პროკურატურის განცხადება. ეს უფრო მგონია, რომ ეს უფრო ემოციური შეფასებაა. ჩვენ ველით, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ და გამოიძიებენ იმ მასალებს, რომლებიც გადაეცა მათ და ასევე ჩაატარებენ სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც ამ დროს ტარდება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გენერალური პროკურატურის ცნობაში, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის „მუქარის წერილს“ შეეხება, ნათქვამია, რომ „წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა“.

პროკურატურის თანახმად, წერილი დაულუქავ, ღია კონვერტში იყო მოთავსებული.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლიან განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მიაწვდიან საზოგადოებას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში გუშინ ჩააბარა „მუქარის წერილის“ დედანი, რომელიც, მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძემ პროკურატურაში მიიტანა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.

მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით.

გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, არაერთხელ უარყო, რომ მამუკა ხაზარაძეს წერილი მისწერა და მის განცხადებებს ტყუილი და ჭორაობა უწოდა.

XS
SM
MD
LG