Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია მათიკაშვილს: შენ ხარ კლანის ლობისტი


შენ ხარ (სასამართლოს) კლანის ლობისტი და მათი ხელის ბიჭი, - უთხრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დავით მათიკაშვილს. ბესელია მათიკაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენისას.

მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, თავი შეეკავებინა არაკორექტული გამონათქვამებისგან - „კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენ სახეს“.

„არ უნდა (პაატა სილაგაძეს) შენი დახმარება... შენ საერთოდ სხდომა არ უნდა მიგყავდეს... შენ ინტერესთა კონფლიქტი გაქვს და გაჩუმდი... შენ რომ ასევე ხარ ამ კლანის ლობისტი და რომ ხარ მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ ვიცით...“, - უთხრა ბესელიამ მათიკაშვილს.

მათიკაშვილთან დაპირისპირება მოჰყვა ეკა ბესელიას მწვავე საუბარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, პაატა სილაგაძესთან.

„თქვენ ხართ ჯალათი... თქვენ ხართ მოსამართლე, რომელსაც არა აქვს არც ჰუმანურობა და არც კომპეტენცია“, - უთხრა ეკა ბესელიამ პაატა სილაგაძეს - მოსამართლეს, რომელმაც, ბესელიას თქმით, 2010 წელს მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ელემენტარული ადამიანობაც არ გამოიჩინა.

პაატა სილაგაძემ უარი განაცხადა, ეპასუხა ეკა ბესელიას შეკითხვებისთვის, რადგან, მისი თქმით, ბესელიას შურისძიება ამოძრავებს და მისი მსჯელობა სუბიექტურია.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში უსმენენ.

  • 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
  • 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
  • 2013-2017 წლებში სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.

10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG