Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძეს პარლამენტში შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს


შეკითხვის დასმის უფლებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა გესარგებლათ, ახლა მუშაობის საშუალება უნდა მისცეთ პარლამენტს, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ანა დოლიძეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს.

23 აგვისტოს, კომიტეტის სხდომაზე, ანა დოლიძე უშედეგოდ ცდილობდა, შეკითხვა დაესვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატების გარდა, კანდიდატისთვის შეკითხვების დასმის უფლება აქვთ: სახალხო დამცველს ან მის წარმომადგენელს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელს და სამეცნიერო სფეროს ორ წარმომადგენელს. მოქალაქეების შემთხვევაში კი, ოხანაშვილის განმარტებით, წინასწარი მიმართვის საფუძველზე, მათ მიერ მიწოდებულ შეკითხვებს სხდომის წამყვანი გააჟღერებს.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით... გვაქვს სამართლებრივი საფუძველი... მინდა, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებმა იცოდნენ, რომ თქვენ ხართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სადაც თქვენ მონაწილეობდით კანდიდატების შერჩევაში.

თქვენი კომპეტენცია, რომ შეგერჩიათ, იქ დასრულდა. ახლა მოგვეცით საშუალება, რომ სადაც ჩვენი კომპეტენციაა, ჩვენ წარვმართოთ ეს პროცესი. ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და გთხოვთ, დამშვიდდეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით, მას სრული უფლება აქვს, დაუსვას შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

„სამართლებრივად წესი არის მხოლოდ ის წესი, რომელიც შესაბამისი პროცედურით არის მიღებული და შესაბამისად არის გამოქვეყნებული. ეს ე.წ. წესი (ბრჭყალებში) არის თქვენი შიდა შეთანხმება და არ უნდა დადგეს საქართველოს რეგლამენტისა და კონსტიტუციის ზევით...

არ ვიცი, რატომ შეიძლება მე ნაკლები უფლებები მომენიჭოს ან რომელიმე სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ვიდრე იმას, ვინც დღეს თქვენ დაასახელეთ და ვინც, ამავე დროს, შეიძლება აქ დღეს არ იყოს, ხოლო მანამდე თავისი უფლება ძალიან ხშირად არ გამოუყენებია“, - მიმართა დოლიძემ ოხანაშვილს.

23 ოქტომბერს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პაატა სილაგაძის მოსმენა გაიმართა. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უკვე მე-13 კანდიდატია, რომელსაც 23 ოქტომბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ფორმატში მოუსმინეს.

  • 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ.
  • 2008-2019 წლებში ის იყო უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე.
  • 2013-2017 წლებში სილაგაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

20-კაციანი სიის გარდა, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, პაატა სილაგაძე ასევე იყო იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი თავდაპირველი 10-კაციანი სიის შემადგენლობაშიც. კომიტეტის სხდომაზე სილაგაძემ თქვა, რომ კანდიდატობა მაშინ მას პირადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ შესთავაზა, სატელეფონო საუბრის დროს.

10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა, არასამთავრობო სექტორი „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG