Accessibility links

შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად სპეციალური კომისია შეიქმნა


საქართველოს მთავრობის სხდომა. 2019 წლის 24 ოქტომბერი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია.

24 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ კომისია აერთიანებს ამ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროცესში ჩართულ ათ სხვადასხვა უწყებას.

სახელმწიფო მინისტრმა კომისიის შექმნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის გააქტიურების აუცილებლობით ახსნა.

ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, 1990-იანი წლების და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, დღემდე დაკარგულად ითვლება 2300-მდე ადამიანი.

დაახლოებით 10 წლის წინ, ეს რიცხვი 2500-მდე იყო, თუმცა, მცირედით შემცირდა „წითელი ჯვრის“ ეგიდით გაწეული მუშაობის შედეგად.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, 2010 წლიდან „წითელი ჯვრის“ ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსურ-რუსული, რომელთა მეშვეობით მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებულია 178 პირის ნეშტი.

„2300-მდე ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში, რაც არის ძალიან დიდი ციფრი და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი მუშაობა, რა თქმა უნდა, „წითელ ჯვართან“ ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში“, - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ახლადშექმნილი კომისიის ამოცანაა, რომ პროცესი უფრო ინტენსიურად წარიმართოს და მაქსიმალურად გამოიყენონ პერიოდი 2021 წლის ბოლომდე, როცა იწურება „წითელი ჯვრის“ მიმდინარე პროექტის ვადა, მისი შემდეგი ეტაპის დაწყებამდე.

„ეს არის ცალსახად ჰუმანიტარული პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას. დამერწმუნეთ, რომ ოჯახებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც მათ წლების ლოდინის შემდგომ გარკვეული აქვთ ახლობლის ბედი იმ მძიმე შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე უკავშირდება გარდაცვალების ფაქტის დადასტურებას და ნეშტების გადაცემას. მათ აქვთ უკვე ახლობლების საფლავები, სადაც შეუძლიათ, რომ პატივი მიაგონ მათ ხსოვნას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, ან თავად ჰყავს დაკარგული ოჯახის წევრი და ახლობელი და ჯერ არ განუცხადებია, უწყებათშორის კომისიას მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG