Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო სუმბაევის ექსტრადიციის შემდეგ მსჯელობს, მან უკანონოდ გადმოკვეთა თუ არა საზღვარი


საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე იაროსლავ სუმბაევის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ გაიმართა. პროცესის ჩაშლის მიზეზი სუმბაევის ექსტრადირება გახდა, - ინფორმაციას „პირველი არხი“ აქვეყნებს.

მოსამართლის განცხადებით, საბადრაგო სამსახურს არ წარმოუდგენია ოფიციალური დოკუმენტი, როდის მოხდა ბრალდებულის რუსეთში ექსტრადირება.

„სუმბაევი არ არის წარმოდგენილი, მედიით მოვისმინეთ მისი ექსტრადირების შესახებ, დასრულდა თუ არა ეს პროცესი ჯერ არ ვიცით, ოფიციალურ დოკუმენტი არ გვაქვს. არც საბადრაგო სამსახურიდან მიგვიღია რამე. გავეცნობით და შემდგომ რა ფორმით ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამ საქმეზე ჩამოვყალიბდეთ“, – მიმართა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მხარეებს.

ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ ინფორმაციას არც პროკურორი ფლობდა.

„წარმოვადგენ იაროსლავ სუმბაევის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარეს, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტით საზღვრის უკანონო კვეთას. რაც შეეხება სუმბაევის საექსტრადაციო პატიმრობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღნიშნულ საქმეს განიხილავდა პროკურატურა. დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ დღეს მოხდებოდა მისი ექსტრადირება და ამის შესახებ გავიგე სამსახურში“, – თქვა საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

რაც შეეხება სუმბაევის საქმის განხილვის გაგრძელების საკითხს, „პირველი არხის“ ცნობით, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის გარეშეც შესაძლებელია განაჩენის გამოტანა.

„10 დღეში ჩაინიშნა შემდეგი პროცესი. გაირკვევა მან უკანონოდ გადმოკვეთა თუ არა საზღვარი და მართლაც ჰქონდა თუ არა ყალბი დოკუმენტი საზღვრის გადმოკვეთის დროს. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს განხილვა და განაჩენის დადგომა", - ამბობს პროკურორი.

სუმბაევის ექსტრდიცია მისთვის რუსეთში წარდგენილი ბრალდებით იყო განპირობებული. ინტერპოლით ძებნილი იაროსლავ სუმბაევი - რომელიც რუსეთში კიბერთაღლითობაშია ბრალდებული და გამომძიებელი ქალის მკვლელობის დაკვეთაშია ეჭვმიტანილი - 24 ოქტომბერს დილით საქართველომ გადასცა რუსეთის სამართალდამცველებს.

„რუსული მხარის მიერ იყო ძებნილი აღნიშნული პირი, მიმდინარეობს იქ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამის გათვალისწინებით მოხდა მისი ექსტრადირება“, – აღნიშნა პროკურორმა.

სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემას დაუშვებლად მიიჩნევდა მისი ადვოკატი, ივანე ნორაკიძე.

XS
SM
MD
LG