Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე - შუალედური არჩევნები 85%-იანი გამარჯვებით დავასრულეთ


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შუალედურ არჩევნებში მოპოვებული შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს:

„გუშინ, სამ ოლქში - მარტვილის, ადიგენის და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქებში, საკრებულოს წევრების არჩევნები გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ ორ ოლქში საერთოდ ვერ გარისკა ჩვენს წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება, მათ კანდიდატი მხოლოდ ერთ, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში დააყენეს, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ ეს არჩევნები 85%-იანი გამარჯვებით დავასრულეთ. ამ ოლქში, ოპოზიციის წარმომადგენელმა 15%-ზე ნაკლები მიიღო. ადგილობრივ არჩევნებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იგი განიხილება როგორც ტესტი დიდ არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო, მათ შორის, აფენში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი. შედეგი აჩვენებს იმას, თუ როგორია საზოგადოების განწყობა“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა განშტოებით საპარლამენტო არჩევნებზე მაქსიმუმ 15 პროცენტს აიღებს.

„ეს შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შემდეგ არჩევნებზე აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გვქონდა არჩევნები ექვს ოლქში, სადაც ამომრჩევლის 12%-მა მიიღო მონაწილეობა და იქ მთლიანობაში 60%-ზე მეტი ავიღეთ – ვგულისხმობ ზუგდიდში, მარნეულში და სხვა ოლქებში ჩატარებულ არჩევნებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებში, ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს. 60% - ვფიქრობ, ეს არის რეალური შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელახალი არჩევნების ალბათობის შესახებ ისაუბრა. როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. შედეგად, კობახიძის თქმით, შესაძლოა, ხელახალი არჩევნები გახდეს საჭირო.

15 ოქტომბერს კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს.

27 ოქტომბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ „სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს“ ის, რომ 2020 წელს უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ აიღოს და კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგეს.

სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შვიდ უბანზე საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა. აფენის თემში შუალედური არჩევნების საფუძველი ის იყო, რომ დეპუტატმა უფლებამოსილება თავისი სურვილით შეიწყვიტა. არალის და კიწიის თემებში კი, წინა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები გარდაიცვალნენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის აფენის თემში, ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარებულ, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების 84,4%-ით (1991 ხმა) გაიმარჯვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ომარ შველიძემ.

ადიგენის საარჩევნო ოლქის არალის თემის ერთ უბანზე წარდგენილმა ერთადერთმა კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ფეიქრიშვილმა მიიღო 875 ხმა (100%).

ოპოზიციას კანდიდატები არ დაუსახელებია არც მარტვილის საარჩევნო ოლქის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი რობერტ კაკულია აირჩიეს 549 ხმით (100%).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG