Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრმა მარგო მარტიაშვილს საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი უწოდა


სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი
სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი უწოდა ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრს, მარგო მარტიაშვილს, რომელიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ვერ გადაიყვანეს ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო და 28 ოქტომბერს გარდაიცვალა ცხინვალის სავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ყოველდღე და ყველგან ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალგორის ე.წ. გადასასვლელით სარგებლობა პირდაპირი გაგებით სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.

„დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი იმიტომ, რომ ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, მათ შორის, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით. აქ არის, ასევე, პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ოჯახებთან კავშირი და ასე შემდგომ“, - განაცხადა დღეს, 29 ოქტომბერს ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ახალგორის ზოგიერთ მცხოვრებს „წითელ ჯვართან“ ან სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირების ეშინია. ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული რაიონის მოსახლეობას მიმართა, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად ისარგებლონ ე.წ. ცხელი ხაზით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. სახელმწიფო მინისტრის თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ მარგო მარტიაშვილს დახმარება სჭირდებოდა და ტრაგედიის შესახებ პოსტფაქტუმ შეიტყო.

ქეთევან ციხელაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ყოველდღიური რეჟიმით მუშაობს, რათა მიაღწიოს ახალგორთან ე.წ. საზღვრის გახსნას. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბოლო ტრაგიკული შემთხვევის შესახებ აცნობა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს და „წითელ ჯვარს“.

ციხელაშვილის ინფორმაციით, ადამიანის გარდაცვალების ფაქტსა და, ზოგადად, ახალგორის რაიონში შექმნილ ვითარებაზე საუბარი იყო 28 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზეც.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ გააქტიურდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და მან, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა მხარემ, დაუყოვნებლივ მიიღოს ახალგორთან გადასასვლელის გახსნის გადაწყვეტილება: „გადასასვლელი აუცილებალდ უნდა გაიხსნას. არ არსებობს ამაზე მეტი საჭიროება. არის ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მთელი რაიონი და ცხინვალის მოსახლეობაც, იმიტომ რომ ახალგორიდან კავშირზე დამოკიდებულნი არიან არა მხოლოდ ახალგორელი ქართველები, არამედ იქ მაცხოვრებელი ოსებიც“.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, მარგო მარტიაშვილი ვერ გადაიყვანეს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ახალგორთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.

ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG