Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ


„ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ფეისბუკზე“ წყალტუბოს შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროექტის ფარგლებში აღდგება და აშენდება წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც 22 სანატორიუმს და ბალნეოლოგიურ აბანოებს მოიცავს. ის ამბობს, რომ დამატებით მოეწყობა წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფეები და რესტორნები; შეიქმნება 15 000-20 000 ახალი სამუშაო ადგილი. წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი წელიწადში 800 000-მდე გაიზრდება.

„წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და აეროპორტი. ასევე, ქართულ ბიზნესს აქვს ღია შეთავაზება ჩაერთოს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულებული პროექტების შესყიდვა თვითღირებულებით. აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა.

XS
SM
MD
LG