Accessibility links

სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი აპირებს, პრაქტიკულად, უფასოდ ჩაიგდოს 700 მლნ. დოლარის ქონება


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოს შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ვიდეომიმართით ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ივანიშვილის განზრახვას პირად ინტერესებს უკავშირებს.

„ყველაფერი ერთად არის: აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, შემდეგ გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა. ეს არის ერთი დიდი კომპლექსი და წყალტუბო არის მთავარი ცენტრი ამისი. ივანიშვილმა ეს ყველაფერი გააჩერა და გაანადგურა. დღეს იგივე ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად, უფასოდ ხელში იგდოს ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ 700 მილიონი დოლარი, საწყისი ფასი. 700 მლნ დოლარს აცლის საქართველოს ჯიბიდან და იდებს საკუთარი ოჯახის ჯიბეში. ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, არც ერთი დამპყრობლის მიერ. კარგი ამბავი მხოლოდ არის ის, რომ ივანიშვილის მმართველობა უახლოვდება დასასრულს, ეს კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია ჩვენთვის, რომ უნდა დავირაზმოთ, ერთად დავდგეთ“, - ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი პოლიტიკური ძალის მმართველობის პირობებში წყალტუბოს რეაბილიტაცია დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა.

„2013 წლის ბოლოს ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კურორტი, როგორც გავაკეთე ბათუმი. არ დაგვცალდა მაშინ, მაგრამ ცოცხლები ვართ, ძალაც გვერჩის, გეგმებიც გვაქვს და ზუსტად ვიცი, რა, როგორ გავაკეთო. ივანიშვილი ემზადება ხელისუფლების დაკარგვისთვის და უკვე ახლა ამზადებს ხალხს, რომლებიც გარანტიას მისცემენ, რომ მის ქონებას არ შეეხებიან“, - აღნიშნავს სააკაშვილი და ყოფილი თანამოაზრეების შესახებ მიანიშნებს, - „იმიტომ არის ეს ვითომ პარტიული ინიციატივები, რომ თურმე ხალხი უნდა გაძარცვოს და თურმე ეს უნდა შერჩეს. ვერ მივართვით. საქართველო, ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის სიმდიდრეს, გაამრავლებს და ქართველები აღარ წავლენ საქართველოდან. მათ ექნებათ შემოსავლის წყარო, დასაქმების წყარო და მომავალი“.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG