Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი და მწვანე რაკეტები ზოლოტოეში


სეპარატისტული ძალების გასვლის პროცესი ზოლოტოედან
სეპარატისტული ძალების გასვლის პროცესი ზოლოტოედან

უკრაინაში ეუთოს მისიის მოქმედი თავმჯდომარისა და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა მარტინ საიდაკმა დაადასტურა 29 ოქტომბერს ლუგანსკის ქალაქ ზოლოტოედან ძალთა დაშორიშორების პროცესის დაწყება.

„დღეს, სულ ახლახან, მხარეებმა განაახლეს ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება ზოლოტოედან. ამის დასადასტურებლად მათ გაუშვეს თეთრი და მწვანე სასიგნალო რაკეტები. მხარეები დღეს აგრძელებდნენ მოლაპარაკებას ძალებისა და საშუალებების პეტროვსკოეში დაშორიშორების შესახებ“, - განაცხადა საიდაკმა 29 ოქტომბერს, მინსკში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე.

ჯგუფში მიიჩნევენ, რომ ზოლოტოეში დაწყებული ძალთა დაშორიშორების პროცესი გზას უხსნის ნორმანდიული ფორმატის შეხვედრას უმაღლეს დონეზე, რაზეც კიევი, როგორც ჩანს, დიდ იმედებს ამყარებს.

ამის დასადასტურებლად მათ გაუშვეს თეთრი და მწვანე სასიგნალო რაკეტები.
მარტინ საიდაკი, ეუთოს წარმომადგენელი


დაპირისპირებულ მხარეთა ძალთა დაშორიშორების პროცესის დაწყების შემდეგ, საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენლის, ლეონიდ კუჩმას პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ნორმანდიული ფორმატის სამიტზე შესაძლებელია შეთანხმებულ იქნეს „საგზაო რუკა“ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისათვის.

მაგრამ ასეთი პროგნოზების გაკეთება ჯერ მაინც ნაადრევია, რადგან წინაა ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება პეტროვსკოეს რაიონში და ე.წ. სიჩუმის რეჟიმის შენარჩუნება შვიდი დღის განმავლობაში, რაც არცთუ ისე იოლი მისაღწევი ჩანს.

უკრაინული წყაროების თანახმად, პრორუსულად განწყობილი უკანონო ფორმირებების მხრიდან 27 ოქტომბერს ზოლოტოეს მახლობლად, სწორედ ძალთა დაშორიშორების რაიონში, რამდენჯერმე გაიხსნა ცეცხლი, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

გარდა ამისა, ზოლოტოედან უკრაინული სამხედრო ძალის გაყვანის პროცესს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ გასამხედროებული ორგანიზაციები „ნაციონალური კორპუსი“ და „უკრაინის მოხალისეთა არმია“, რომლებიც მზად არიან, დაიცვან დასახლებული პუნქტები უკრაინის არმიის გასვლის შემდეგ.

ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ყველაფერი წყნარად იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი


მაგრამ კიევი აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად არ ესაჭიროება გასამხედროებული ორგანიზაციებისა და მოხალისე ვეტერანების მხარდაჭერა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმარისი ძალა და საშუალება აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოწინააღმდეგის მიერ ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში“, - განაცხადა სამშაბათს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენი ავაკოვმა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. ყველაფერი წყნარად იქნება“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა ზოლოტოეში დაწყებულ ძალთა დაშორიშორების პროცესზე.

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ზოლოტოედან ძალთა დაშორიშორების პროცესს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ეხმაურებოდა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედია.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კმაყოფილებით შეხვდა უკრაინის ხელისუფლების ამ ნაბიჯს.

თუმცა კრემლი კვლავ იმეორებს, რომ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის გამართვისათვის კიევმა სხვა პირობებიც უნდა შეასრულოს - კერძოდ, უკრაინის კანონმდებლობაში უნდა აისახოს „შტაინმაიერის ფორმულა“, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სერიოზული განხეთქილების თემად რჩება.

2014 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინის არმიასა და პრორუსულად განწყობილი დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების სეპარატისტულ ფორმირებებს შორის 14 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი ინსტრუმენტია „მინსკის სამშვიდობო შეთანხმება“, რომელსაც 2015 წლის თებერვალში ხელი მოაწერეს „ნორმანდიის ოთხეულის“ - გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და უკრაინის - ლიდერებმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG