Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ „ბრექსიტსა“ და მის შესაძლო შედეგებზე


ბრიტანეთის თემთა პალატის გადაწყვეტილებით, 12 დეკემბრისათვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაირკვევა, შეძლებს ქვეყანა „ბრექსიტთან“ დაკავშირებული ჩიხიდან გამოსვლას, თუ ეს იქნება მხოლოდ პრობლემიდან ყურადღების დროებითი გადატანა.

ჩიხიდან გამოსვლის იმედი აქვს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც მოელის, რომ კონსერვატიული პარტიის მიერ ამომრჩეველთა უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მას შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს „ბრექსიტის“ ის გეგმა, რომლის რეალიზებაც, ადრე დადგენილ ვადებში ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო გახდა შეუძლებელი.

ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირმა მომავალი წლის 31 იანვრამდე გააგრძელა კავშირიდან გასასვლელად ლონდონისათვის დაწესებული მორიგი ვადა, რასაც ფორმალურად ბორის ჯონსონიც დაეთანხმა.

კონსერვატორების ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი კაბინეტის მიერ მომზადებული შეთანხმება არის იმ გაუგებრობის მოგვარების ერთადერთი გზა, რომელიც მძიმედ აწვა ქვეყნის ეკონომიკას 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ.

თავის მხრივ, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია ესწრაფვის ახალი შეთანხების მიღწევას ბრიუსელთან და პირობას დებს, რომ, თუ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვა, ჩაატარებს მეორე რეფერნდუმს წინა, 2016 წლის, რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მიზნით.

არასახარბიელო პროგნოზები

ექსპერტების აზრით, ბორის ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმა უფრო მყიფეს გახდის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის.

ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი (NIESR) აცხადებს, რომ უფრო „დისტანცირებული ურთიერთობით“ გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ბრიტანეთისათვის უფრო მეტი იქნება და ის გადაწონის იმ სარგებელს, რომელსაც ქვეყანა „ბრექსიტთან“ დაკავშირებული გაურკვევლობის პირობებში ღებულობს.

“ჩვენ საერთოდ არ მოველით შეთანხმებას, რომელიც დივიდენდის მომტანი იქნება. შეთანხმება მხოლოდ შეამცირებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან უწესრიგოდ გასვლის რისკს, მაგრამ გამორიცხავს უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობას“, - ამბობს NIESR-ის ეკონომისტი, არნო ჰანცშზე.

მისი წინამორბედის, ტერეზა მეისგან გასხვავებით, ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმა არ მოითხოვს ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის დარჩენას ევროკავშირის საბაჟო კავშირში, რაც, დიდი ალბათობით, გარდამავალ პერიოდში ტარიფებისა და სხვა ბარიერების შემოღებას გამოიწვევს.

ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის გათვლით, ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმის მიხედვით, 10 წლის შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკა 3,5 %-ით შემცირდება, ანუ ბრიტანეთი დაკარგავს უელსის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ეკვივალენტურ შემოსავალს.

ხოლო იმ სცენარის შემთხვევაში, თუ კვლავ გაგრძელდება „ბრექსიტთან“ დაკავშირებით არსებული დღევანდელი გაურკვევლობა, რის მიუხედავადაც, დიდი ბრიტანეთი შეუზღუდავად ინარჩუნებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, ეკონომისტების პროგნოზით, ბრიტანეთის ეკონომიკა 2 %-ით შემცირდება.

ტერეზა მეის გეგმის რეალიზების შემთხვევაში, რომელიც ევროკავშირიდან გასვლას ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმებით ითვალისწინებდა, დიდი ბრიტანეთისათვის მიყენებული ეკონომიკური ზარალი იქნებოდა 3,0 %; შეთანხმების გარეშე გასვლით, ანუ „მკაცრი ბრექსიტის“ შემთხვევაში ეკონომიკური ზარალი, სავარაუდოდ, 5,6 %-ს მიაღწევს.

კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ანალიტიკური კვლევითი ცენტრის („დიდი ბრიტანეთი ცვალებად ევროპაში“) მიერ ამ თვის დასაწყისში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 6 %-ით გააღარიბებს.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (NIESR) პროგნოზით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, ინგლისის ბანკი (Bank of England), მომავალ კვირაში გამოაცხადებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას 0,7-დან 0,5-მდე, რაც ძალაში არ შევა მარტამდე, ანუ ბანკის ახალი თავმჯდომარის ვინაობის გარკვევამდე.

ეს მაშინ, როდესაც ინგლისის ბანკი სხვა ცენტრალურ საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც თავისი პოლიტიკა გლობალური რეცესიის პირობებშიც კი არ შეუსუსტებია.

ვიდრე ევროკავშირში რჩება, ყველა გაურკვევლობისა და პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას. ანალიტიკური ცენტრ NIESR-ის თანახმად, წელს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდა 1,4 %-ს შეადგენს. თუ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებში რაიმე მოკლევადიანი ცვლილება არ მოხდა, ზრდის ეს ტემპი, დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

შედარებისათვის: 2018 წელს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1,6 %-ს შეადგენდა.

  • მომზადებულია „როიტერსისა“ და „ასოშიეიტიდ პრესის“ მასალების მიხედვით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG