Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის „ტორპედოთი“ შეიძლება გერმანელი ინვესტორი დაინტერესდეს


ქუთაისის საფეხბურთო კლუბით, „ტორპედო- ქუთაისით“, ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერები დაინტერესდნენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, გერმანული კლუბის წარმომადგენლებსა და მერის მოადგილეებს შორის გამართულ შეხვედრებზე გერმანული მხარის წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბის, სტადიონისა და საწვრთნელი ბაზის 20 წლით იჯარით აღების სურვილი გამოთქვეს. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი გიორგაძის, განცხადებით, პოტენციურმა ინვესტორებმა მოისურვეს ასევე ხანგრძლივი დროით აიღონ ორი მოედანი, სადაც მოაწყობენ საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას.

ირაკლი გიორგაძისვე განცხადებით, გერმანულ მხარესთან ამჯერად არ ყოფილა ლაპარაკი იმ დავალიანებაზე, რომელიც კლუბის მფლობელ კომპანიას, „ინტერნეშენალ სოქერ ჰაუსს“, აქვს კლუბის მიმართ. მერია კომპანიას 3 მილიონ ლარამდე ვალის დაფარვას ედავება და გასულ თვეში სასამართლოს მიმართა სარჩელით.

„რაც შეეხება დავალიანების თემას, ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა გერმანულ მხარესთან. მათ მოითხოვეს ფინანსური დოკუმენტები და ჩვენ გადავეცით. გაეცნობიან დოკუმენტებს და გვეტყვიან საკუთარ პოზიციას. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა გააგრძელოს არსებობა, თამაში. ჩვენ ყველას შევხვდებით, ვინც ქუთაისური გუნდით დაინტერესდება და განვიხილავთ მათ წინადადებებს. ინვესტორებისადმი ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია“, - განმარტავს ირაკლი გიორგაძე. მისივე განცხადებით, იმ დრომდე, ვიდრე კლუბის ყოფილ მფლობელს სასამართლოს ძალით ვალს გადაახდევინებენ, ვალის დაფარვა ინვესტორს მოუწევს. „შევეცდებით „ტორპედო“ ვალისაგან გავათავისუფლოთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება და, თუ ამ დრომდე მოხდება გუნდის ინვესტორისათვის გადაცემა, რა თქმა უნდა, ეს ვალი ინვესტორმა უნდა დაფაროს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი თანხა ანაზღაურდება“.

ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსური პრობლემები რამდენიმე თვის წინ შეექმნა, სახელფასო დავალიანების გამო გუნდი დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა.

საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ქუთაისის მერიამ 2017 წლის ზაფხულში გაასხვისა 300 ათას ლარად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG