Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეს განცხადებაზე: როგორც ექიმს, ფსიქოლოგს და მღვდელმსახურს, არ მჯერა


მარტვილში ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველად წარდგენილმა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) განაცხადა, რომ მას, როგორც ექიმს, ფსიქოლოგსა და მღვდელმსახურს, არ სჯერა იმ სიტყვების, რომელიც მეუფე პეტრემ (ცაავა) 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე წარმოთქვა.

„ჩემი პასუხი, როგორც ექიმის, ფსიქოლოგის და მღვდელმსახურის, არის, რომ არ მჯერა და არის უფრო თხრობითი, ვიღაცამ რაღაცა თქვა, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, კონკრეტულად არაფერი არ იყო და ამიტომ მე არ მჯერა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი სიტყვებით, სასულიერო პირები, მამები, დედები ეპარქიაში გააგრძელებენ მღვდელმსახურებას. არავინ არ იქნება დასჯილი.

„ყველა არის მეუფეს [პეტრეს] დაზრდილი, ყველა ძალიან განიცდის, მაგრამ ბერის საქმე არის მორჩილება, ბერის საქმე არის სულიერი აღზრდა, ყველანი ვართ დროებით აქ, ვემზადებით დაბრუნებისთვის სოხუმში, ოჩამჩირეში. იღუმენი [თამარი] თუ დარჩება მეუფესთან, იქნება მეუფესთან“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი სიტყვებით, მეუფე პეტრე გადაბარების პროცესში ჭყონდიდის ეკლესიაში დარჩება.

„მე არ ვარ არც ეკონომისტი არც იურისტი, მეუფეს უფრო ეხერხება ეს, მე მარტო ვერ შევძლებ. მე ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ და გადავიბარო“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მან დაადასტურა, რომ ზაფხულში იმყოფებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრესთან შესახვედრად, რათა ის დაერწმუნებინა, შეხვედროდა პატრიარქს.

„პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩამოვედი აქ, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მოვიდეს პატრიარქთან, შერიგდეს, შენდობა სთხოვოს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მანამდე მეუფე გრიგოლთან შეხვედრის შესახებ მეუფე პეტრე საუბრობდა.

31 ოქტომბერს, სინოდმა მეუფე პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან. სინოდის განჩინებით, „მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“.

სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა მეუფე პეტრემ. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG