Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ნიდერლანდი საქართველოს მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში


გიორგი გახარია, მარკ რუტე

ნიდერლანდი ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე.

ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალი დონის ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში ჩემთვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. მადლობელი ვართ ასევე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში ნიდერლანდის ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომელთა გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, ნიდერლანდის სამეფოს პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობების დადასტურება:

თქვენი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი ვიზიტის ფორმატში პირველად ვმასპინძლობთ ნიდერლანდებში. თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ნიდერლანდი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ. სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში. დარწმუნებულნი ვართ თქვენი ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში, მისი ეკონომიკის ზრდასა და განხორციელებულ რეფორმებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ სტაბილურობა აჩენს შესაძლებლობებს, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და მოიცვას მათ შორის აგრარული სფეროც“, - განაცხადა ნიდერლანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იტყობინება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდის სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG