Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ შეიპყრეს აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ცოლი


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერიდანმა განაცხადა, რომ თურქმა სამხედროებმა შეიპყრეს ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ყოფილი ლიდერის, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის ერთ-ერთი ცოლი და ასევე მისი ოჯახის წევრები.

6 ნოემბერს ანკარაში საუბრის დროს თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ოპერაციის დეტალები და დაპატიმრებული ქალის გვარი.

ცნობილია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს ოთხი ცოლი ჰყავდა, რაც მამაკაცისათვის მაქსიმალურად დასაშვებია ისლამური სჯულის მიხედვით.

აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებმა ალ-ბაღდადი 26 ოქტომბერს მოკლეს, ჩრდილოეთ სირიის იდლიბის პროვინციაში.

„ამას პირველად ვაცხადებ: ჩვენ შევიპყარით მისი ცოლი, მაგრამ არ აგვიტეხავს ხმაური“, - განაცხადა ერდოანმა და დასძინა, რომ თურქმა სამხედროებმა სირიაში შეიპყრეს აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის დაც და სიძეც.

4 ნოემბერს დასავლეთის წამყვანი სააგენტოები იუწყებოდნენ, რომ თურქმა სამხედროებმა ალეპოში ჩატარებული რეიდის დროს დაატყვევეს „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის და, რასმია ავადი.

მაგრამ ერდოანს თავის გამოსვლაში რასმია ავადი არ უხსენებია.

ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის სამხედრო ძალები საზღვართან მდებარე ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ და წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია აშშ-ის მხარდაჭერილ ქურთ მეამბოხეთა წინააღმდეგ.

ანკარის ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სექტემბრის გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ სირიის ოთხი წერტილიდან სამხედრო ძალის გაყვანის თაობაზე, რამაც თურქეთს შესაძლებლობა მისცა გადაესროლა ჯარები ჩრდილოეთ სირიაში „უსაფრთხოები ზონის“
შექმნის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG