Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე წულაძე, მოსამართლეობის კანდიდატი: პირადად 2 მიწის ნაკვეთი მაქვს შეძენილი


ალექსანდრე წულაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე ამბობს, რომ მისი მშობლები არასდროს ყოფილან საჯარო მოხელეები და ისინი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კერძო ბიზნეს-საქმიანობას ეწევიან:

„საბედნიეროდ გვქონდა ყოველთვის შესაძლებლობა იმის ჩვენს ოჯახს, მატერიალური თვალსაზრისით არ ჰქონოდა საჭიროებები. რაც შეეხება ჩემს დეკლარაციას თვითონ ჩემს ნაწილში, ჩემი პირადი შეძენილი რაც მე მაქვს, ეს არის სადღაც 2010 წლამდე ორი მიწის ნაკვეთი. ერთი გარდაბანში, მეორე თბილისში საბურთალოზე, სადღაც 100 კვადრატული მეტრის მიწა იყო ეს. თუმცა მოგვიანებით უბანში მოვიდა ინვესტორი და დღეს უკვე შეიქმნა სიტუაცია, რომ მაქვს რამოდენიმე ბინა, სადაც ვცხოვრობ ერთ-ერთში",- ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს.

„მე გადავხედე თქვენს ქონებრივ მონაცემებს, საკმაოდ დიდი მემკვიდრეობის პატრონი ხართ და ოფიციალურად მილიონერი ხართ ამ მონაცემებით, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ მე მაინტერესებს, რადგან ქონება მემკვიდრეობით გაქვთ მიღებული, ვინ არის თქვენი მამა და რას საქმიანობდნენ თქვენი მშობლები. წარმოშობა მაინტერესებს ამ ქონების.“- ჰკითხა ენძელა მაჭავარიანმა ალექსანდრე წულაძეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 7 ნოემბერს უსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-19 კანდიდატს, იურისტ ალექსანდრე წულაძეს. მას მოსამართლედ არასდროს უმუშავია.

2017 წლის ოქტომბრიდან დღემდე ალექსანდრე წულაძე იურიდიული კომპანიის, CLL Law Firm-ის პარტნიორია. 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობდა ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტს, ხოლო შემდეგ საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

2012-2015 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ კი უფროსი. 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩევლად. 2011 წელს ასრულებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიუროს უფროსის მოვალეობას. 2008-2009 წლებში ალექსანდრე წულაძე იყო საადვოკატო ბიუროს, „გაბუნია და პარტნიორები“-ს იურისტი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG