Accessibility links

site logo site logo

მთავარეპისკოპოს იაკობის განცხადების შესწავლის საკითხი პარლამენტის ბიუროს წინაშე დადგება


ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს.

ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის თანახმად, მეუფე იაკობის საჯარო განცხადება, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობა პატრიარქის გადაყენების განზრახვაში და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და სხვა თანამდებობის პირების შესაძლო მონაწილეობა პროცესის მომზადებაში.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ 2018 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგნ საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სამივე მათგანი ამას უარყოფს.

28 ოქტომბერს, საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანება, რომლის თანახმად, მთავარეპისკოპოს იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, ის გათავისუფლდა პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებისგან.

მეუფე იაკობის საჯარო განცხადებაზე 31 ოქტომბერს იმსჯელეს სინოდის სხდომაზე. ოქმის თანახმად, „მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG