Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება შესაბამის კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის დასკვნებს და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ლომჯარიას თქმით, პრობლემურია ორი საკითხი - კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დაუსაბუთებლად მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს, გასაჩივრების უფლების არარსებობით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის არამართლზომიერება.

საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების შუამდგომლობითაც.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ვერ შეაჩერებს საქართველოს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელი კენჭისყრის პროცესს, თუმცა, გავლენა ექნება მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ან უკვე წარდგენილი კანდიდატებისათვის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიერ კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცედურაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 8 ნოემბერს დასრულდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. სულ 20 კანდიდატია წარდგენილი. მათ კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG