Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი იმსჯელებს მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადების საფუძველზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა.

პროექტის („მაღალი თანამდებობის პირების მიერ საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ შესაძლო ანტიკონსტიტუციური შეთქმულებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების დარღვევის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“) შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და ბიუროს სხვა წევრებმა განმარტება პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ტაბატაძისგან მოისმინეს.

„აქ დასკვნები დადებითია და აღნიშნული საკითხი ბიურომ უნდა შეიტანოს მომდევნო პლენარული სხდომის დღის წესრიგში“, - თქვა ტაბატაძემ.

26 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსმა იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

„გახარია, გომელაური და კვირიკაშვილი „მეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთ და შიო (მუჯირი) დავნიშნოთო. მე მაგათ ვუთხარი, ბიჭო, თქვენ მაგას ვინ გეკითხებათ, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-მეთქი“, - იაკობმა თქვა, რომ ამ შინაარსის შეხვედრებს ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხვა მაღალი იერარქებიც მართავდნენ: - „მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. მაგათ ყველას ჩავარტყამ, სადაც ჩასარტყმელია. ბიძინა ამბობს ხოლმე, ვინ არის მეუფე, არავინ არ არისო. მე სინოდის ავტორიტეტული წევრი ვარ. მე ძლიერი პოზიციები მაქვს ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

„აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG