Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრის ერთადერთი შედეგი კვლავ მორიგ შეხვედრაზე შეთანხმებაა


ირაკლი ანთაძე
ირაკლი ანთაძე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე მხარეებმა კვლავ ვერ შეძლეს შეთანხმება ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტულ ზომებზე.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან უარი მიიღეს.

12 ნოემბერს, ბოლო ორ თვეში რიგით მეშვიდე ტექნიკური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის ცხინვალელი მონაწილეებისგან ელოდებოდნენ კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა, პოზიციები უცვლელია.

„კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ შეთავაზებები, რომელიც ხელს შეუწყობს სიტუაციის ნორმალიზებას, თუმცა პოზიციები არ დაემთხვა“, - განაცხადა ანთაძემ. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა შესთავაზეს, ირაკლი ანთაძემ უპასუხა: „პირველ რიგში, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და მთავარი გარანტია ამის არის ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა და მისი მანდატის სრულფასოვნად განხორციელება. ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ დაცული იყოს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა“.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მოითხოვა ახალგორის რაიონთან 4 სექტემბრიდან დაკეტილი ე.წ. საზღვრის გახსნა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება კვლავ არ დათანხმდა.

ერთადერთი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, დიალოგის გაგრძელებაა. „არცერთი მონაწილე არ აცხადებს უარს დიალოგზე და როდესაც არსებობს მზაობა გაგრძელდეს დიალოგი, შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობა, რომ დიალოგის გარკვეულ ეტაპზე მოხდეს პოზიციების დაახლოება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში მომდევნო ტექნიკური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება.

ჩორჩანა-წნელისის მიმართულებით ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელები დაკეტა ახალგორის და საჩხერის რაიონებთან. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG