Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკო გომური: ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს


მაკო გომური
მაკო გომური

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას „არ გაბედოთ ჩაგდება“ 20 ივნისის ღამით დაზარალებული მაკო გომურიც შეუერთდა. იგი ამბობს, რომ აქციაზე პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, საკუთარი უკეთესი მომავლისთვის მივიდა. მაკო გომური აღნიშნავს, რომ სურს იდგეს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყოველთვის მხარში ედგნენ:

„მინდოდა, რომ ჩემი მხარდაჭერაც გამომეხატა და მეგრძნობინებინა მათთვის, რომ ისინი მარტო არ არიან და მე ყოველთვის მათ გვერდით ვიდგები“, - განაცხადა მაკო გომურმა. იგი ვარაუდობს, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება:

„სამი მოთხოვნიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო ერთადერთი, რასაც დათანხმდა სახელმწიფო. რეალურად, ეს იყო ხალხის მოთხოვნა, რომელზეც თქვეს, რომ შეასრულდებდნენ. ახლა კი ეჭვის ქვეშ არის, შეასრულებენ თუ არა ამ ყველაფერს. როგორც არის ნათქვამი, "ქარის მოტანილი, ისევ ქარს მიაქვს", აქ პირიქითაა, ხალხის მოტანილი მიაქვს სახელმწიფოს. ცდილობენ, ერთი დაპირებით ხალხი გააჩუმონ და შემდეგ ამ დაპირებასაც არ ასრულებენ“, - განაცხადა მაკო გომურმა აქციაზე. იგი ფიქრობს, რომ დაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„ვიცი, რომ ისევ გაგრძელდება აქციები, როგორც იყო 20 ივნისის შემდეგ და მივაღწევთ იგივენაირად შედეგს, რა შედეგსაც მივაღწიეთ და მე ახლა მათი მხარდაჭერით მივიღე დაზარალებულის სტატუსი, ვთქვათ, სულ ელემენტარული და ახლაც მივაღწევთ შედეგს ჩემი აზრით“, - განაცხადა მაკო გომურმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ეკრანი დადგეს, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის სხდომას უსმენენ.

აქციის მონაწილეები კანონმდებლებს აფრთხილებენ, არ ჩააგდონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი და შეასრულონ მიცემული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG