Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია იმართება


„ქართული ოცნების“ ოფისში დაგეგმილია უმრავლესობის შეკრება. აქ ასევე მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდებას.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დისკომფორტი უნდა შეუქმნან უმრავლესობის წევრებს. „სირცხვილია“, „თქვენ მოატყუეთ ხალხი“, „მონებო“, „წადით“ - ამ შეძახილებით აცილებენ აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შემავალ უმრავლესობის წევრებს.

საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის შენობასთან, სადაც აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა კარვები 14 ნოემბერს, ღამით გაშალეს. ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით.

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG