Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას დაუბრუნებს შარშან ქერჩის სრუტეში ხელში ჩაგდებულ სამ ხომალდს


რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული უკრაინული ხომალდები ქერჩის პორტში
რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული უკრაინული ხომალდები ქერჩის პორტში

რუსეთი უკრაინას დაუბრუნებს სამ სამხედრო ხომალდს, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტისას ჩაიგდო ხელში. გემების გადაცემა უნდა მოხდეს „ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტამდე, რომელიც 9 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.

მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში. ამჟამად გემები დგას ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის პორტში.

მაისში გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა ხომალდები უკრაინას უნდა დაუბრუნოს. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ცნობს ამ საკითხში სასამართლოს იურისდიქციას. კიევმა მრავალჯერ მიმართა მოსკოვს გემების დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა აქამდე ვერ მოხერხდა.

„კომერსანტის“ წყაროების თანახმად, ახლა უკრაინა და რუსეთი გემების გადაცემის თარიღებს ათანხმებენ. როგორც გამოცემა იტყობინება, გადაცემა მოხდება არა პორტში, არამედ ზღვაში. უკრაინელი მეზღვაურების პირადი შეიარაღება, ასევე რადიოაღჭურვილობა და ხომალდების დოკუმენტები რუსეთში დარჩება. ისინი ნივთმტკიცებულებად გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG