Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი


ხელისუფლება კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, შედის კინკლაობაში ისეთ თემებზე, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია და გაუგებარია, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე, სადაც „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს გამოეხმაურა.

„დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თურმე, მე პირადად, წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია, ამ საქმის [საარჩევნო სისტემის] მოსაგვარებლად. იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, იმიტომ, რომ თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაკაკუნებდი, იმიტომ, რომ შექმნილიყო 90-გვერდიანი დოკუმენტი ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არაა შეტანილი მისი [კახა კალაძის] თანაგუნდელების მიერ. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

მისი სიტყვებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება დაპირების შესრულების ვარიანტებზე მუშაობდეს, ცდილობს ოპოზიციის რადიკალიზაციის გამოწვევას. ამასთან, ოპოზიცია ხელისუფლებას გამოსავლად სთავაზობს არჩევნების ე.წ. გერმანულ მოდელს, „რომელსაც 76 ხმით შეუძლია გადაწყვიტოს ყველა პრობლემა“.

„ამბოხებულ მაჟორიტარებსაც მივცეთ საშუალება, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი და პარლამენტში 73 მაჟორიტარი გვყავდეს და ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულდეს, რომ ჯამურად მანდატები პროპორციულად განაწილდეს. თან ამას აღარ სჭირდება 113 ხმის მოგროვება, ამას სჭირდება 76 ხმა და „ქართული ოცნებიდან“ სულ რაღაც 25-27 ხმის მობილიზება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ბრიფინგზე ის დოკუმენტებიც წარმოადგინა, თუ როგორ უგზავნიდა ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ფრაქციებს, მათგან კი პასუხს ვერ იღებდა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მაშინვე ჩანდა, რომ ხელისუფლებას არ სურდა პროპორციული არჩევნები.

„მე მგონი, ტყუილი და მანიპულაციები იქცა ხელისუფლების ხასიათის თვისებად და სპექტაკლების დადგმა. მაგრამ ჩვენ ახლა 2019 და 2020 წელზე ვსაუბრობთ, და ამის გარჩევა თუ უნდათ, ეს გავარჩიოთ. ყველა ამ დოკუმენტს დავუდებ და საპასუხო მითხრან. მაგრამ დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე - ხალხის სამართლიან აღშფოთებას რას ეუბნება „ქართული ოცნება“. კრიზისიდან გამოსავალზე ფიქრობს თუ მას აქვს განზრახული შემდეგი მზაკვრული ნაბიჯი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი სიტყვებით, ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალზე არ ფიქრობს, ის ცდილობს გვერდზე გაწიოს პროპორციული არჩევნების მოთხოვნა და მოახდინოს ოპოზიციის რადიკალიზაცია. რაც დავით უსუფაშვილს უჩენს ვარაუდს, „ხომ არ აპირებს ხელისუფლება არსებული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას“.

„ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საკონსტიტუციო წესით.

„არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადაში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით“, - თქვა კალაძემ.

მანვე განაცხადა, რომ 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა „გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე“, დავით უსუფაშვილი, რომელსაც 4 წლის მანძილზე თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG