Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააუქმა ვიზიტი დონბასში


ჰეიკო მაასი
ჰეიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, უამინდობის გამო გააუქმა 19 ნოემბრისათვის დაგეგმილი ვიზიტი დონბასის კონფლიქტის ზონაში. „დოიჩე ველეს“ თანახმად, გერმანელი მინისტრი აპირებდა მოენახულებინა გამყოფი ხაზი მომავალ თვეში დაგეგმილი „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის წინ, რომელზეც გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები იმსჯელებენ სისხლისმღვრელი კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

ამასთან, ჰეიკო მაასი კიევში შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვადიმ პრისტაიკოსა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მათთან ერთად განიხილოს 9 დეკემბრის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

„ნორმანდიის ოთხეულის“ ლიდერთა ბოლოს შეხვედრა 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა.

მომავალ სამიტს პარიზში უმასპინძლებს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის 2014 წლიდან მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,5 მილიონი კი დევნილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG