Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიცილისთვის სერგო რატიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა


„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლო დარბაზიდან სიცილისთვის გაააძევა.

„უმისამართოდ ვიღიმებოდი თან“, - განაცხადა სერგო რატიანმა დარბაზიდან გასვლისას.

სერგო რატიანის გაძევებამდე, მოსამართლის მიმართ გამოთქმული რეპლიკისთვის - „ბიძინა ივანიშვილის მონაა“, გააძევეს „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლი ლაშა ჩხარტიშვილი და კიდევ ორი პირი. მათგან ერთი ლაშა ჩხარტიშვილის რეპლიკას ტაშით შეხვდა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობას 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაკავებულებიდან 6 პირის სასამართლო პროცესი. ესენი არიან: ირაკლი ნადირაძე, პაატა სოსანაშვილი, დავით მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი კაჭარავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე, იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. პროცესები საქალაქო სასამართლოში განახლდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG