Accessibility links

site logo site logo

ზელენსკი აპირებს რუსეთს მოსთხოვოს უკრაინული გემების სამხედრო აღჭურვილობა


უკრაინისთვის დაბრუნებული გემები ოჩაკოვის პორტში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს, რუსეთს მოსთხოვოს, რომ დააბრუნოს უკრაინისთვის გადაცემული გემების სამხედრო აღჭურვილობა. რუსეთმა გემები, რომლებიც შარშან ნოემბერში ჩაიგდო ხელში ქერჩის სრუტეში, 18 ნოემბერს დაუბრუნა უკრაინას.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა გემები ძალზე ცუდ მდგომარეობაში დააბრუნა.

„რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ 20 ნოემბერს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინას გემები „ნორმალურ მდგომარეობაში და გამართული სანტექნიკით“ გადასცეს.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG