Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: "ქართული ოცნება" უტიფრობას აგრძელებს


პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია
პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" გიგა ბოკერია

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბოდვა და საზოგადოების დამატებით შეურაცხყოფა უწოდა საარჩევნო საკითხებზე „ქართული ოცნების“ დღევანდელ გზავნილებს.

„იგივე უტიფრობას აგრძელებენ, ჯერჯერობით ამ აგონიის სპირალში არიან, რომ სრული ბოდვა გვესმის და დამატებითი შეურაცხყოფა საზოგადოების, - ეს წინადადება, რომ ვინც ჩვენ მოგვწონს, იმათ არ დავუყენებთ მაჟორიტარებსო, - ოქრიაშვილს არ დაუყენებენ მაჟორიტარს. დიდი მადლობა, ქართველი ხალხის სახელით ამ დიდი კომპრომისისთვის. ვინ ჭამს მაგას?!“, - უთხრა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

ბოკერიას თქმით, სანამ „ქართული ოცნება“ ამ პოზიციაზეა, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება და „ამ სამარცხვინო ლიდერის კლოუნების გუნდი ჩამოიქცევიან პოლიტიკურად, თუ გონს არ მოეგებიან და არ გადადგამენ ნაბიჯს“.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციამ შეიმუშავა გერმანულ პრინციპზე დამყარებული და საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი საარჩევნო მოდელი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან გააგზავნიან და „იქაც ბოლომდე გაშიშვლდება ივანიშვილი, რომელიც პარტნიორებს პირდება, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში თუ იქნება, ყველაფერს მხარს ვუჭერო“.

„თუ ამ კაცმა აირჩია საბოლოოდ გზა, რომ, აქ რომ ძალაუფლებას დაკარგავს, მერე არსად არ წაესვლებოდეს, მისი არჩევანია. ჩვენ ეს არჩევანი არ გვსურდა, მაგრამ ამ რადიკალური პროტესტის გზაზე დააყენა ქვეყანა და საზოგადოება პერსონალურად ამ სამარცხვინო კაცმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების სამარცხვინო გუნდმა. მათ ეს არჩევანი გააკეთეს, იღებენ ეხლა დამსახურებულ რეაქციას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პარლამენტთან საპროტესტო აქციას დღეს საღამოდან განაახლებენ. კვლავ დაგეგმილია პარლამენტის პიკეტირება.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის პიკეტირების აქცია და 37 პირი დააკავეს ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG