საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს, დაუბრუნდეს საპარლამენტო პროცესს და თავიანთი არგუმენტები საზოგადოებას პლენარული თუ საკომიტეტო განხილვების ფორმატში წარუდგინონ:
„წარმოადგინონ დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს, ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, საქართველოს პარლამენტი და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ეს არის ნორმალურ დემოკრატიულ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროზე. სხდომაზე მან მიმართა მოქალაქეებსაც და უთხრა, რომ პარლამენტი თავის საქმიანობას გააგრძელებს იმისთვის, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს.
26 ნოემბერს გამთენიისას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პიკეტი პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტის შენობაში პოლიციის გაძლიერებული დაცვის პირობებში შევიდნენ. პარლამენტთან გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც პლენარული სხდომაზე მისული დეპუტატებისთვის დისკომფორტის შექმნაა.
აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით გამართვას ითხოვენ.