Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ შეწყალების ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

ადმინისტრაციის განმარტებით, პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც საგრძნობლად შეამცირებს შეწყალების აქტების რაოდენობას. ამავე განცხადებით, შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და დარგის სპეციალისტებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებსა და ექსპერტებთან, 2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

„შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმად, შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება.

XS
SM
MD
LG