Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათანაბრებული ტარიფები - რა რისკებს ხედავენ ექიმები და რა პასუხი აქვს სამინისტროს?


21 ნოემბერს ამოქმედებული 520-ე დადგენილება უკვე რამდენიმე კვირაა ექიმებისა და კლინიკების მფლობელთა უკმაყოფილების მიზეზია.

ახალი წესი ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები?

„ჩვენ პროგრამა დავიწყეთ რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისიდან, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადია და დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამდენად, პრიორიტეტულად განისაზღვრა ეს ორი მიმართულება. კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ რეალური დანახარჯები და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი ტარიფი პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის, რომელიც სწორად ასახავს ბაზრის ტენდენციებს“.- ამბობდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, სანამ დადგენილება ჯერ არ იყო შესული ძალაში.

სწორედ უკვე მიღებული ტარიფები გახდა მიზეზი, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და დარგობრივ ასოციაციებს ჯანდაცვის მინისტრისთვის ღია წერილით მიემართათ.

მათი თქმით, მომსახურებებზე გაწერილი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არ არის გათვალისწინებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორიც. სფეროს წარმომადგენლები გადაწყვეტილების 6 თვით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას ითხოვენ, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

ყველა ხელმომწერი რეგულაციების და ახალი სტანდარტის შექმნის მომხრეა, და აცნობიერებს, რომ მსგავსი ტარიფიზაცია სწორი მიმართულებაა. თუმცა , ამას უნდა უსწრებდეს ხარისხის შესაბამისი სტანდარტის შემოღება და შემდეგ ფასის დადგენა. ახლა ტარიფები გამოვიდა თვითღირებულებაზე უფრო მცირე, რაც შეუძლებელს ხდის ისეთი დარგების ფუნქციონირებას, როგორიც არის კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, რითმოლოგია...

ყველაზე ნათელი მაგალითი, რაც რამდენჯერმე მოვიყვანეთ ეს არის სტიმულატორის აპარატის საკითხი, რომლის თვითღირებულებაც ბაზარზე 15 000 ლარამდეა, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასი კი 12000 ლარია. ჩვენ ამ ვითარებაში პაციენტებს მხოლოდ გადაუდებელ მომსახურებას ვუწევთ, ჩვენი ზარალის ხარჯზე. - ამბობს რადიო თავისუფლებასთან „თბილისის გულის ცენტრის“ დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე

21 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ღია წერილს ასევე საჯარო განმარტებით უპასუხა. რომ: „ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით".

შეუსაბამო ფასებთან დაკავშირებით კი არგუმენტად მოაქვს რამდენიმე კლინიკის მიერ მიწოდებული (კლინიკების მონაცემები არ ჩანს) ხარჯები კონკრეტული ინტერვენციაზე, რომელიც ჯდება სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ფასში.

„ჩვენ არ ვიცით ის დაბალი ხარჯებით გაკეთებული ოპერაციის შედეგად როგორია პაციენტების მდგომარეობა შემდეგ. იქნებ ერთი წლის შემდეგ ისევ ხელმეორედ უწევთ ოპერაციის ჩატარება და საბოლოო ჯამში ორმაგი უჯდება სახელმწიფოს მათი შენახვა. თუ არ უჯდება მაშინ წავალთ და ვისწავლით რა საოცარი მეთოდი მოძებნეს, რომელიც ასეთი ეფექტიანია.“- ამბობს „ჩაფიძის გულის ცენტრის“კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი. ის დღეს, 27 ნოემბერს ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად უცვლელი მოთხოვნით პრესკონფერენციას მართავდა.

საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი კახა ეცადაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

„მე მივესალმები პაციენტებისთვის ფასების დარეგულირებას, მაგრამ უნდა იყოს ტარიფი ისეთი, რომელიც შეძლებს ხარისხიან მომსახურებას.

ეს ცვლილება გამოიწვევს ძალიან ბევრი კლინიკის დახურვას, შეიძლება გადარჩნენ ქსელური კლინიკები, რომლებსაც აქვთ ფარმაცევტული ბიზნესი და გადაფარონ ზარალი იქიდან მიღებული შემოსავლებიდან. ესეც იქნება დროებითი მოვლენა, რადგან ვერ გაუძლებენ დიდხანს.“- ამბობს კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა პრესკონფერენციაში.

ღონისძიების პარალელურად, დარგის წარმომადგენეთა ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე გადაინაცვლა.

რა უპასუხა ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს?

.„საქართველოს კარდიოლოგია ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ შეხვედრით კონკრეტული შედეგი არ მიუღიათ და რა შეიცვლება გაუგებარია.

„კონკრეტული ვერაფერი ვერ გვითხრეს, ისინი რჩებიან თავიან აზრზე ჩვენ ჩვენ აზრზე. თუ რაღაც პრეტენზიები გაქვთო მინისტრის სახელზე გამოაგზავნეთ, განვიხილოთ და მერე ვნახოთო. ძირითადი საკითხი იყო ტარიფები, ჩვენ ვეუბნებით რომ დაბალია, ისინი გვიმტკიცებენ, რომ შეიძლება მაგით ხარისხიანი მუშაობაო.

ცვლილების შემოსვლამ დიდი პრობლემები შეგვიქმნა, როგორც ექიმებს, ასევე ჰოსპიტალს, ახლა ვცდილობთ რომ ეს პრობლემები არ შეექმნათ პაციენტებს. ჯერ დანაზოგები არის და პარა მოცულობაზე არაფერი, თუმცა სადამდე მივა ვერ გეტყვით. “- ამბობს კარდიოლოგი ალექსანდრე ალადაშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთანაც გამართა შეხვედრა, სადაც აღნიშნა, რომ : “დადგენილება შევიდა ძალაში, ამიტომ ეს არის მოცემულობა. დადგენილების პირობები ცნობილია შემსრულებლების მიერ. კლინიკას, რომელიც ხედავს იმგვარ რისკს, რაც მისთვის გადაულახავია ფინანსური კუთხით, პაციენტის ჯანმრთელობის კუთხით, აქვს არჩევანი, რომ აღარ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა”, - განაცხადა გაბუნიამ.

სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლას გეგმავს „ევექსის ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი:

„ჩვენ მიგვაჩნია , რომ იმ გამოქვეყნებულ ფასებში, რაც დებულებაში შევიდა იყო ტექნიკური უზუსტობები და ამის შესახებ სამინისტროს წერილობით ვამცნეთ.

იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ფასების გასწორება და შესაბამისობაში არ მოვა რეალობასთან ჩვენ ევექსის ჰოსპიტლებს სავარაუდოდ მოგვიწევს დავტოვოთ საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები.“

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ტარიფების გადახედვა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მხოლოდ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ობიექტური საფუძვლით მოხდეს. თუმცა, რა შეიძლება მიიჩნიოს სამინისტრომ ობიექტურ საფუძვლად ჯერაც უცნობია. ისევე როგორც უცნობია რა ელით პაციენტებს, იმ შემთხვევაში თუკი ექიმების პროგნოზი გამართლდა და კლინიკებმა ვერ შეძლეს შემცირებულ ფასში ხარისხიანი სერვისის მიწოდება.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG