Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი გორდონ სონდლენდს


გორდონ სონდლენდი

სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს. სონდლენდი ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის მოწმეა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე გამოძიებაში. ბრალმდებელთა განცხადებები აშშ-ის პრესაში გამოქვეყნდა.

ნიკოლ ვოგელმა, ჯანა სოლისმა და ნატალი სეპტმა განაცხადეს, რომ სხვადასხვა დროს, 2003-2008 წლებში, სანამ ევროკავშირში ელჩად დაინიშნებოდა, სონდლენდი საქმიანი შეხვედრებისას ან მათ შემდეგ არასასურველი კოცნისა და ხელით შეხების უფლებას აძლევდა თავს. ქალების თქმით, უარის მიღების შემდეგ ის მათზე შურს იძიებდა პროფესიონალური ხასიათის პრობლემების შექმნით.

სონდლენდი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მისი თქმით, ქალების განცხადებები პოლიტიკური მიზნებითაა შეთითხნილი.

ერთი კვირის წინ სონდლენდი აშშ-ის კონგრესში დაკითხეს ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. გამოძიების ყურადღების ცენტრშია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება და სხვა ეპიზოდები, რომლებსაც დემოკრატები აფასებენ კიევზე ზეწოლად, რათა უკრაინას გამოძიება დაეწყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის შესაძლო მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

როგორც სონდლენდმა განაცხადა მოსმენაზე, ის დარწმუნებულია, რომ ტრამპი ცდილობს დაიყოლიოს უკრაინა გამოძიების ჩატარებაზე, რომელმაც შესაძლოა ავნოს ბაიდენს. მისი თქმით, სწორედ ამას ითხოვდა ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი. თავად ტრამპი აცხადებს, რომ არაფერს ითხოვს უკრაინისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG