Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართუ ბანკის“ საქმეზე ადეიშვილსა და მელიას სასამართლო განაჩენს 2 დეკემბერს გამოუცხადებს


„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლო განაჩენს 2 დეკემბერს გამოაცხადებს. აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს.

მათთან ერთად ბრალდებული იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა, როგორც "ინტეპრესნიუსთან" საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, პროკურატურამ ამ საქმეში 25 პირის მიმართ დევნა შეწყვიტა. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ "ბანკი ქართუს" საქმე 2012 წლიდან თაროზე იყო შემოდებული და ბოლო თვეებში გააქტიურდა მისი განხილვა.

"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვაში ედავებიან. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში მივა და სხდომას დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. სააგენტოს ცნობით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მედიას განუცხადა, რომ, მისი სიტყვებით, „სამარცხვინო ლიდერის ივანიშვილისა და მისი გუნდის პირობებში უმადური საქმეა ასეთ საკითხებზე პროგნოზები. არაფერი არ არის გამორიცხული", განაცხადა ბოკერიამ. "რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ბედი მომავალში", თვლის გიგა ბოკერია, რომელმაც თავად აპირებს მონაწილეობას აქციაში, რომელიც ხვალ საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება, იტყობინება "ინტერპრესნიუსი", რომლის თანახმად, ამავე საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არც ერთ საქმეს არანაირი სამართლებრივი მოტივი არ გააჩნია და ეს არის წმინდა პოლიტიკური საქმე, რადგან ბიძინა ივანიშვილი ნიკა მელიაში ხედავს პოლიტიკურ საფრთხეს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს ვერ შეაჩერებს საპროტესტო ტალღას, ნებისმიერ გამწვავებას ხალხი მეტი გამწვავებით უპასუხებს, თქვა ბოკუჩავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG