Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ მიიღებს თავის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ მოსმენაში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ მიიღებს თავის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ მოსმენაში, რომელიც 4 დეკემბრისთვის არის დანიშნული. თეთრი სახლის იურიდიულ საკითხთა კონსულტანტმა პეტ ჩიპოლონემ შესაბამისი წერილი გაუგზავნა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეროლდ ნადლერს.

„მოსმენებში არ შეგვიძლია მონაწილეობა მანამდე, სანამ არ არიან დასახელებული მოწმეები და სანამ გაურკვეველი რჩება, შეძლებს თუ არა კომიტეტი პრეზიდენტისთვის სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფას და დამატებითი მოსმენების დანიშვნას“, - ნათქვამია ჩიპოლონეს წერილში.

მან აღნიშნა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დანიშნულია იმ დღეს, როცა ტრამპი ლონდონში იქნება ნატოს სამიტზე.

დონალდ ტრამპს შესაძლოა იმპიჩმენტი დაემუქროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის გამო. ტრამპს ბრალს სდებენ, რომ საუბრისას ის ზეწოლას ახორციელებდა ზელენსკიზე, გამოძიება ეწარმოებინა ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატების ყველა ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG