Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ტრანსპარანტის შესახებ: უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა აქტივისტებს, რომლებმაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე ღონისძიებაზე შესვლამდე მას „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უკმაყოფილოა ტრანსპარანტების შინაარსით, რომლებიც აქტივისტებს ეკავათ.

„ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ, ტრანსპარანტები მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ აქაც აჩვენებს საკუთარ სახეს“, - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აქტივისტების მოქმედებას უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობას“.

„იყო რამდენიმე ბავშვი შეკრებილი, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვერაფერს ვეტყვით, მათ მიმართ საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. საყვედური ეკუთვნის, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“, რომელიც ბავშვებს იფარებს. თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ისინი მიიღებენ ჩემგან მძიმე და საკადრის პასუხს. ისინი ამის გაკეთებას ვერ ბედავენ და ამიტომ იფარებენ ბავშვებს ასე ხშირად, რაც არ არის კაცისთვის და ქალისთვის საკადრისი. ეს არის მათი სახე“, - თქვა კობახიძემ.

დაგეგმილ ღონისძიებაზე მისვლა „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს შეძახილების („მონა!" „მონა!“) ფონზე მოუხდა.

„ქორთიარდ მარიოტში“ იმართება რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია, სადაც საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ ეროვნული პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

ირაკლი კობახიძემ „სირცხვილის დერეფანი“ უკომენტაროდ გაიარა.

XS
SM
MD
LG