Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ნენსი პოლოსიმ, მადრიდში, კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ამერიკის კონგრესი თავს კვლავაც თვლის ვალდებულად, რომ გლობალურ დათბობასთან ბრძოლა საჭიროა, მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, გაიყვანოს ქვეყანა პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან.

პელოსის სიტყვებით, ახლანდელ თაობას ვალდებულება აკისრია მომავალი თაობის წინაშე პლანეტის მდგომარეობის შესახებ.

კონგრესის დელეგაციაში, რომელიც მადრიდში 2 დეკემბერს გახსნილ კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო კონფერენციაზე ჩავიდა, მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები შედიან.


ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა სკეპტიციზმი იმ საფრთხის გამო, რომელიც კლიმატის ცვლილებებს მოჰყვება და მას გადაჭარბებულად მიიჩნევს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა უმეტესობა მის პოზიციას ემხრობა.

მადრიდში ათეულობით სახელმწიფოს მეთაურია შეკრებილი და მსჯელობს ნახშირორჟანგის აირის გამოყოფის შემცირების გზებზე.

მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ბუნების წინააღმდეგ ომი და მეტი პოლიტიკური ნება გამოავლინოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა კონფერენციის გახსნის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. ის გამოვიდა მოწოდებით, მკაცრად შესრულდეს პარიზის 2015 წლის ხელშეკრულება, რომელიც სამრეწველო ემისიის შემცირების ზომებს ეხება, და გამოყენებულ იქნეს ენერგიის განახლებადი წყაროების უპირატესობები.

ევროკავშირის საბჭოს ახალმა პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ადამიანების საქმიანობამ „ბუნება დააჩოქა“. მისი თქმით, საჭიროა „მწვანე რევოლუცია“. ამავე სულისკვეთებით მადრიდში სხვა არაერთი სახელმწიფო მეთაური გამოვიდა სიტყვით.

6 დეკემბერს მადრიდსა და მსოფლიოს ბევრ ქალაქში გაიმართება მორიგი „კლიმატის გაფიცვები“ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მოთხოვნით.

მოელიან, რომ ამ დროისთვის მადრიდში ჩააღწევს გაფიცვის იდეის ავტორი, შვედი მოსწავლე გრეტა ტიუნბერგი, რომელიც ახლა ამერიკიდან ევროპისკენ ატლანტის ოკეანეს კვეთს იახტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG