Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ძებნა გამოაცხადა MH-17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ სეპარატისტზე, რომელიც რუსეთს გადაეცა


ვოლოდიმირ ცემახი
ვოლოდიმირ ცემახი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა გამოაცხადა პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქ სნეჟნოეს საჰაერო თავდაცვის ყოფილ ხელმძღვანელზე, ვოლოდიმირ ცემახზე. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

ცემახი ეჭვმიტანილია ტერორისტულ ჯგუფში მონაწილეობასა და ტერაქტის განხორციელებაში, რომელსაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა. ნიდერლანდის გამომძიებლები მას ბრალს სდებენ 2014 წელს უკრაინის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავის, რეის MH-17-ის კატასტროფაში. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქე იყო.

ცემახი სნეჟნოეს საჰაერო თავდაცვის უფროსი იყო 2014 წელს. 2019-ში ის უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოიტაცა და კიევში გადაიყვანა. ოპერაციის დროს დაიღუპა უკრაინის ერთი სამხედრო მოსამსახურე. ყოფილ სეპარატისტს კიევში ბრალი დასდეს ტერორისტული ჯგუფის შექმნაში. 5 სექტემბერს კიევმა იგი გაათავისუფლა გამოცხადების ვალდებულებით.

ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ ცემახი გაცვალა 35 ეჭვმიტანილსა და პატიმართან ერთად, რომლებიც მოსკოვს გადაეცა რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული 35 უკრაინელის სანაცვლოდ.

რუსეთისთვის გადაცემამდე ცემახმა „ბოინგის“ კატასტროფასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა ნიდერლანდის გამომძიებლებს. ნიდერლანდი აცხადებს, რომ რუსეთს მოსთხოვეს ცემახის ექსტრადიცია, მაგრამ მოსკოვმა მას ქვეყნის დატოვების საშუალება მისცა. სექტემბერში ცემახის ქალიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დაბრუნდა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც კიევი არ აკონტროლებს. მაშინ მან თქვა, რომ მამამისი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს MH-17-თან დაკავშირებით.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე წერია, რომ ცემახი იძებნება, როგორც პირი, რომელიც გამოძიებას ემალება. მისი გაუჩინარების თარიღად მითითებულია 2019 წლის 23 სექტემბერი.

ივნისში ნიდერლანდის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა მკვლელობის ბრალდება რუსეთის სამ და უკრაინის ერთ მოქალაქეს - ვოლოდიმირ ცემახს, რომელიც ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მხარეს იბრძოდა. გამოძიება მიიჩნევს, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ ტრანსპორტირებისთვის, რომლითაც მალაიზიის ავიალაინერი ჩამოაგდეს. ჟურნალისტებმა ოთხი ბრალდებულიდან სამთან მოახერხეს დაკავშირება. ისინი ბრალდებას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG