Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს გაფლანგვაში ედება ბრალი


სერჟ სარქისიანი
სერჟ სარქისიანი

4 დეკემბერს სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ჩამოგდებულ ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს კორუფციის ბრალდება წაუყენეს.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სარქისიანმა „ორგანიზება გაუკეთა თანამდებობის პირთა ჯგუფის მიერ“ 489 მილიონი დრამის (1 მილიონ დოლარამდე) გაფლანგვას სახელმწიფო ხაზინიდან. 2013 წელს გამოყოფილი თანხა ფერმერებისთვის დიზელის საწვავის სუბსიდირებისთვის იყო განკუთვნილი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სარქისიანი საწვავის მიწოდების თაობაზე გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში ჩაერია კომპანია Flash-ის სასარგებლოდ, რომელიც სომხეთში საწვავის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი იყო. კომპანია ეკუთვნის ბიზნესმენ ბარსეჟ ბეგლარიანს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მჭიდრო კავშირში იყო 65 წლის ექსპრეზიდენტთან.

მთავრობამ Flash-ს გადაუხადა 1,8 მილიარდი დრამი (3,8 მილიონი ამერიკული დოლარი) პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ათიათასობით დაბალშემოსავლიანი ფერმერის დახმარება. საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვა კომპანია Maxhur-ი მზად იყო, იმავე რაოდენობის დიზელის საწვავი მიეწოდებინა ბევრად დაბალ ფასებში.

გამომძიებელთა თქმით, მთავრობის მიერ Maxhur-ის შეთავაზების უგულებელყოფა სახელმწიფო სახსრების გამიზნულად გაფლანგვის ტოლფასია.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა სარქისიანს, რომელიც 2008-2018 წლებში მართავდა ქვეყანას, გამოძიების განმავლობაში გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინა.

ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში სარქისიანს 4-დან 8 წლამდე ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG