Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიციას


ინტერპოლის წითელი ცირკულარით რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილი ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვები რუსეთში ექსტრადიციას (5 დეკემბერს) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

როგორც სამინისტროდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, გლუშკოვები​ რუსეთს გადასცეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 14 და 17 სექტემბრის ბრძანებების საფუძველზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით. ხსენებული ძებნილი პირების მიმართ 2019 წლის აპრილიდან აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვები ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს ყოფილი დეპუტატები არიან.

რუსეთში გლუშკოვებს ბრალად ედება თაღლითობა და ქრთამის აღება ნიჟნი ნოვგოროდში ერთ-ერთი სამშენებლო პროექტის განხორციელებისას.

როგორც რუსული მედია იტყობინება, 2018 წლის აპრილში სასამართლომ ვლადიმირ და ალექსანდრ გლუშკოვებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მათი მიმალვის გამო, რუსეთის პროკურატურამ ძმებზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გლუშკოვები საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს.

24 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მოსკოვის მოთხოვნა და რუსეთს გადასცა საინფორმაციო ტექნოლოგიების 28 წლის სპეციალისტი იაროსლავ სუმბაევი.

რუსეთში სუმბაევს კიბერთაღლითობასთან, დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობასა და გამომძიებლის მკვლელობასთან აკავშირებენ.

საქართველომ რუსეთს 19 სექტემბერს გადასცა ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი. რუსეთში ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ინტერესებში ხალხის მობილიზებას ედავებიან და მას ინტერპოლით ეძებდნენ.

რამზან ახიადოვი, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მისი ადვოკატის მტკიცებით, ახიადოვი ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს სთხოვდა საქართველოს, თუმცა უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG