პენტაგონში ეჭვი აქვთ, რომ ლიბიაში ამერიკის დრონზე იერიში რუსეთის დაქირავებულმა მეომრებმა განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობაზე დაყრდნობით.
21 ნოემბერს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად დაკარგა უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ტიპს არ ასახელებენ. აშშ-ის სამხედროები მიიჩნევენ, რომ ის რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს და მისი მართვა შეეძლოთ რუს დაქირავებულ მეომრებს ან ლიბიის ეროვნული არმიის ჯარისკაცებს, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ქალაქი.
აფრიკაში აშშ-ის ჯარების სარდლობის თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დრონი ჩამოაგდეს, არ იცოდნენ, რომ ის პენტაგონის უპილოტო საფრენი აპარატი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის კონფლიქტში მათ მოწინააღმდეგეს ეკუთვნოდა. მაგრამ ლიბიის ეროვნულმა არმიამ დრონის ნამსხვრევების დაბრუნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მათი ადგილსამყოფელი არ იცის. აშშ-ის სამხედროებს ამ ვერსიის არ სჯერათ.
ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ებრძვის ტრიპოლიში გამაგრებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული.
როგორც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, ლიბიის ეროვნული არმიის მხარეს იბრძვიან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.